champion777 - რჩევები ახალბედა მძღოლებს.
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რჩევები ახალბედა მძღოლებს.


  •     დაიმახსოვრეთ უსაფრთხო მოძრაობის პირველი წესი: „სულელს გზა დაუთმე". მოძრაობისას ყურადღება მიაქციეთ მძღოლს, რომელიც არაადეკვატურად მოძრაობს და ყველანაირად ეცადეთ შორს დაიჭიროთ თავი მისგან.
  •     თუ გზაზე გაჩერებულ ტრანსპორტს შენიშნავთ, რომლის მძღოლიც დახმარებას ითხოვს, ნუ დაიზარებთ: გააჩერეთ ავტომობილი და დაეხმარეთ მას შეძლებისდაგვარად. არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ ანალოგიურ სიტუაციაში.
 
  •     დაუშვებელია ძრავის მუშაობა დახურულ სივრცეში (მაგ: გარაჟში); აგრეთვე ძილი და დასვენება ავტომობილში, რომლის ძრავიც მუშაობს. ასეთ პირობებში ადამიანი იწამლება გამონაბოლქვი აირებით. გამონაბოლქვი აირებით მოწამვლისას ადამიანს ეწყება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, სმენა უქვეითდება და თვალთ უბნელდება; შემდეგ ეწყება აგზნება, რომელიც სიმთვრალეს მოგვაგონებს. გამონაბოლქვით მოწამვლისას სასწრაფოდ გამოდით სუფთა ჰაერზე.
  •     მძღოლზე უარყოფით გავლენას ახდენს ავტომობილში მყოფი მძინარე მგზავრი, განსაკუთრებით მაშინ თუ ის მძღოლის გვერდით ზის. ამ დროს მძღოლსაც ერევა ძილი. გარდა ამისა, მძინარე ადამიანი მოდუნებულია და მკვეთრი დამუხრუჭებისას შეიძლება კისრის მალები დაემტვრეს, რაც გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევს.
  •     არასოდეს მიუჯდეთ ნასვამი საჭეს, მაგრამ თუ გამოუვალი სიტუაცია შეგექმნათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: 20 გრ. არყის, 300 გრ. ლუდის ან 150 გრ. ღვინის დალევის შემთხვევაში საჭეს უნდა მიუსხდეთ არანაკლებ ერთი საათის შემდეგ. 200 გრ. არყის დალევის შემთხვევაში საჭეს შეგიძლიათ მიუჯდეთ არანაკლებ 10 საათის შემდეგ.
  •     ნასვამი მძღოლის გარჩევა საკმაოდ ადვილია მოძრაობის მანერის მიხედვით. ნასვამ მძღოლს აგვიანდება შუქნიშანთანგაჩერებული ავტომობილის დაძვრა, მკვეთრად ამუხრუჭებს, არღვევს მოძრაობის წესებს, მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შედის, მანევრებს ასრულებს მკვეთრად ან პირიქით – ძალიან დაგვიანებით. ჩამოთვლილი ნიშნები არ არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ მძღოლი ნასვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ასეთ მძღოლს, რადგან მან ყოველ წუთს შეიძლება შექმნას საავარიო სიტუაცია.
  •     თუ შორიდან შეამჩნიეთ შუქნიშნის წითელი ანთებული სექცია, სიჩქარე ისე შეამცირეთ, რომ მწვანე სიგნალმა მოგისწროთ და გზაჯვარედინი გაუჩერებლად გაიაროთ.
  •     თუ შუქნიშნის წინ დგეხართ და მწვანე სექცია აგენთოთ, გაიხედეთ გადამკვეთ გზაზე ორივე მხარეს და დარწმუნდით, რომ ყველა გაჩერდა და მერე დაიწყეთ მოძრაობა.
  •     როდესაც „სდექ–ხაზთან" აპირებთ გაჩერებას, გააჩერეთ ავტომობილი, როგორც კი ავტომობილის ცხვირი დაფარავს „სდექ–ხაზს".
  •     მკვეთრად არ დაამუხრუჭოთ მოსახვევებში, განსაკუთრებით მოლიპული გზის შემთხვევაში. ასეთმა მოქმედებამ შეიძლება ავტომობილის მოცურება გამოიწვიოს.
  •     გახსოვდეთ, რომ დამუხრუჭება უნდა მოხდეს დაბრკოლებამდე. როდესაც ბორბალი დაბრკოლებაზე შედგება მუხრუჭიდან ტერფი უნდა აიღოთ, ასეთ შემთხვევაში დარტყმის ძალა მნიშვნელოვნად შემცირდება.
  •     თუ მუხრუჭმა გიმტყუნათ, ჩართეთ საავარიო სიგნალიზაცია და ხმოვანი სიგნალით ანიშნეთ წინ მიმავალ მძღოლს. ძრავი არ გამორთოთ და დაბალ გადაცემაში გადართვით შეამცირეთ სიჩქარე. სიჩქარის შესამცირებლად გამოიყენეთ სადგომი მუხრუჭი.  იგი ამოწიეთ მდორედ მოცურების თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენ წინ აღმართია, გამოიყენეთ იგი ინერციის შესამცირებლად. თუ არაფერმა გიშველათ გაეხახუნეთ რაიმე დაბრკოლებას (ბუჩქები, პატარა ხეები, თოვლის ან ქვიშის ბორცვები, ღობე) ან დაეჯახეთ მას, რათა საბოლოოდ შეწყდეს მოძრაობა.
  •     ორთვლიანი ტრანსპორტი (მოტოციკლი, ველოსიპედი, სკუტერი, მოპედი, მოკიკი და სხვა) მოსახვევში მოძრაობისას იხრება გზის ზედაპირის მიმართ, რამაც შეიძლება მათი გადაყირავება გამოიწვიოს (განსაკუთრებით სველ და მოყინულ გზაზე), ამიტომ მოსახვევში ასეთ ტრანსპორტთან გაზარდეთ დისტანცია.
  •     ორთვლიან ტრანსპორტს (მოტოციკლი, ველოსიპედი, სკუტერი, მოპედი, მოკიკი და სხვა) სწრაფად და ახლოს ნუ ჩაუვლით. თქვენი ტრანსპორტის მიერ წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა შეიძლება წააქციოს იგი.
  •     განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ქვეითთა გადასასვლელების გავლისა და გზაზე ბავშვების გამოჩენისას. ბავშვების მოქმედება გზაზე ნაკლებად პროგნოზირებადია. მათ შეიძლება სწრაფად შეიცვალონ მოძრაობის მიმართულება და შექმნან სახიფათო სიტუაცია.
  •     მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ავტომობილის საქარე მინა მუდმივად სუფთა უნდა იყოს, განსაკუთრებით ღამით, რადგან ჭუჭყიანი საქარე მინა არა მარტო აუარესებს ხილვადობას, არამედ ირეკლავს შემხვედრი ტრანსპორტის ფარების შუქს. საქარე მინა ხშირად იფარება ზეთოვანი აპკით, რომელიც სხვადასხვა ფერად პრიალებს და ხელს უშლის მძღოლს მხედველობაში. წარმოქმნილი ზეთოვანი აპკი უნდა გაიწმინდოს სპირტით, აცეტონით, გამხსნელით, ოდეკოლონით ან სუფთა ბენზინით. თუ ჩამოთვლილი ნივთიერებები მიუწვდომელია, აიღეთ სიგარეტი, დაფხვენით და თამბაქოთი გაწმინდეთ საქარე მინა.
  •     ავტომობილიდან გადმოსვლის წინ გაიხედეთ უკან თავის მარცხნივ შემობრუნდით და დარწმუნდით, რომ გაღებული კარები ხელს არ შეუშლის მოახლოებულ ტრანსპორტს. კარი გააღეთ ორი მოქმედებით: ჯერ გააღეთ 10-15 სანტიმეტრზე, შემდეგ კი - მთლიანად. ამის შესახებ თქვენ წინასწარ უნდა გააფრთხილოთ ის მგზავრიც, რომელიც უკანა მარცხენა კარიდან აპირებს გადმოსვლას.
  •     ხანგრძლივი დროით დგომისას (იგულისხმება რამდენიმე კვირა, თვე ან წელი) შეიძლება გადაბმულობის ამყოლი დისკო („ფერადო") მიეკრას ძრავის მქნევარას („მახავიკი") და გადაბმულობის სატერფულზე ტერფის დადგმისას შეიძლება ისინი არ დაშორდნენ ერთმანეთს. ასეთ დროს შეუძლებელი იქნება გადაცემების შეცვლა. ეს რომ არ მოხდეს, დაახლოებით კვირაში ერთხელ აამუშავეთ ძრავი და რამდენჯერმე დაადგით გადაბმულობის სატერფულს ტერფი.
  •     ყინვისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში დგომისას არ ამოწიოთ სადგომი მუხრუჭი, რადგან სამუხრუჭე ხუნდები შეიძლება მიეყინოს დოლებს.
  •     ყინვის დროს დატკეპნილი თოვლი და ყინული ნაკლებად დნება სალტის ქვეშ ვიდრე თოვლი, ამიტომ ზამთარში უმჯობესია ვიმოძრაოთ დატკეპნილ თოვლზე ან ყინულზე,  ვიდრე ფხვიერ თოვლზე.
  •     ყინულზე უმჯობესია გამოვიყენოთ ისეთი სალტე, რომლის პროტექტორს წვრილი ჭრილები აქვს.
  •     ზამთარში გზა შეიძლება მშრალი იყოს, ხიდი კი მოყინული. ამიტომ ხიდთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
  •     თუ თბილ ამინდში გამაგრილებელ სითხედ წყალს იყენებდით, ხოლო ზამთარში ანტიფრიზი ჩაასხით, შეიძლება მოხდეს ანტიფრიზის გაჟონვა.
  •     საჭესთან ჯდომით თუ დაიღალეთ ან ძილი თუ მოგერიათ, გააჩერეთ ავტომობილი, გადმოდით და შეასრულეთ ვარჯიშები ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ისევ განაგრძეთ მოძრაობა. ეს მცირე შესვენებაც კი საკმარისია ძალების აღსადგენად. ძლიერი გადაღლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიძინოთ.
  •     შებინდებისას დროულად ჩართეთ გაბარიტული  და ახლო განათების ფარები, რადგან თქვენ წინ მიმავალმა მძღოლმა შეიძლება ვერ დაგინახოთ სალონში განლაგებული უკანა ხედვის სარკეში, რომელიც გადაყვანილია ღამის ხედვის რეჟიმში.
  •     თუ თქვენი აკუმულატორთა ბატარეა სუსტია და უჭირს ძრავის ამუშავება, მარცხენა ტერფი დაადგით გადაბმულობის სატერფულს და ისე აამუშავეთ იგი.
  •     ხმოვანი სიგნალი გამოიყენეთ მხოლოდ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მოტოციკლის, მოპედის, სკუტერის და ველოსიპედის მძღოლებთან მიმართებაში. ხმოვანმა სიგნალმა ისინი შეიძლება შეაშინოს და საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი გახდეს. ხმოვანმა სიგნალმა შეიძლება დააფრთხოს ცხოველი, რომელიც შებმულია ურემში.
  •     თუ ღამით შემხვედრი ავტომობილის ორი ფარი გეჩვენებათ გაერთიანებული, მაშინ იგი დაშორებულია 300 მეტრზე მეტი მანძილით.
  •     სიბნელეში ძნელად შესამჩნევია მუქი ფერის ტრანსპორტი, ხოლო ნისლის დროს – ღია შეფერილობის ტრანსპორტი.
  •     ნისლში საგნები დაახლოებით ორჯერ უფრო დაშორებული გვეჩვენება.
  •     ზაფხულში თუ მოხვდით საცობში და გამაგრილებელი სითხე აგიდუღდათ, ჩართეთ ღუმელი. ეს დამატებით დაეხმარება გაგრილების სისტემას ტემპერატურის შემცირებაში.
  •     ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის ბუქსირება დასაშვებია არაუმეტეს  50 კილომეტრ მანძილზე, კოლოფი რომ არ დაზიანდეს.
  •     განივი დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ მახვილი კუთხით.
  •     საჭე უკიდურეს მდგომარეობაში დიდხანს არ გეჭიროთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭის გამაძლიერებლის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლა.
  •     სიცხეში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სალტეში ჰაერის წნევა ისე შეიძლება გაიზარდოს, რომ მისი გასკდომა გამოიწვიოს, ამიტომ ასეთ პირობებში მოძრაობისას პერიოდულად შეამოწმეთ ჰაერის წნევა.
  •     მარჯვენა სალტის გასკდომა იწვევს ავტომობილის მარჯვნივ „წაღებას", ხოლო მარცხენასი – მარცხნივ. ასეთ დროს საჭე მაგრად ჩაბღუჯეთ და მუშა მუხრუჭით თანაბრად  შეამცირეთ სიჩქარე სრულ გაჩერებამდე. თუ ავტომობილს აქეთ – იქით ისვრის, შეწყვიტეთ დამუხრუჭება.
  •     სალტე უნდა შეინახოთ ვარტიკალურ მდგომარეობაში. თუ იგი დისკზეა გადაცმული – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამ დროს ჰაერის წნევა უნდა შემცირდეს.
  •     მოხვევის მაჩვენებელი უნდა ჩართოთ ნებისმიერი მანევრის შესრულებისას, თუნდაც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდეთ. მოხვევის მაჩვენებელი უნდა ჩართოთ მანევრის დაწყებამდე ისეთი წინსწრებით, რომ მან მოასწროს დაახლოებით 5 –ჯერ აციმციმება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოხვევის მაჩვენებლის ნათურა ციმციმებს დაახლოებით წამში ერთხელ, იგი უნდა ჩართოთ მანევრის დაწყებამდე დაახლოებით 5 წამით ადრე.
  •     მოსახვევში მოძრაობისას წინა სალტეების ჭრიალი მეტყველებს წინა ბორბლების შეყრის კუთხის არასწორ რეგულირებაზე.
  •     გახსოვდეთ, რომ ეთილირებული ბენზინი შეღებილია მოწითალო ან მომწვანო ფერად და მისი მოხვედრა კანზე იწვევს გაღიზიანებას, ხოლო ორგანიზმში–მოწამვლას.
  •     თუ რთულ კლიმატურ პირობებში გიხდებათ ცხოვრება და მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა მინუს 25°C–ის ქვემოთ, შეიძლება დილით ძრავის ამუშავება პრობლემა გახდეს. ახლა გაგაცნობთ ერთ ხერხს, რომლის გამოყენება მოგცემთ საშუალებას ადვილად აამუშაოთ ძრავი. საღამოთი, როდესაც ავტომობილს გააჩერებთ სადგომზე, ჩააქრეთ ძრავი; შეზეთვის სისტემაში ჩაასხით 0,3–0,5 ლიტრი მაღალი ხარისხის ბენზინი და აამუშავეთ ძრავი 1–2 წუთით; ამ დროს ბენზინი შეერევა ზეთს და გაათხელებს მას; დილით ძრავი ადვილად ამუშავდება; ძრავის შეთბობის დროს ბენზინი აორთქლდება 15–20 წუთის განმავლობაში და ზეთი გახდება ჩვეულებრივი სიბლანტის.
  •       გაითვალისწინეთ, რომ მშრალ ასფალტთან შედარებით სველ ასფალტზე დამუხრუჭებისას სამუხრუჭე მანძილი დაახლოებით 1,5–2–ჯერ მეტია, დათოვლილ გზაზე დაახლოებით– 3–4–ჯერ, ხოლო მოლიპულ გზაზე დაახლოებით–5–10–ჯერ.
  •       ავტომობილი წამში დაახლოებით გადის მანძილს, რომელიც ტოლია სიჩქარის ნამრავლისა 0,3–ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ავტომობილის სიჩქარეა 10კმ/სთ, იგი წამში გაივლის დაახლოებით 3 მეტრს, თუ სიჩქარეა – 50კმ/სთ, ავტომობილი წამში გაივლის დაახლოებით 15 მეტრს, თუ სიჩქარეა – 100კმ/სთ, ავტომობილი წამში გაივლის დაახლოებით 30 მეტრს და ა.შ.



Copyright MyCorp © 2016