champion777 - ავტომობილის მართვა
571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

მთავარი გვერდი.
საიტის მენიუ
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 476
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მსუბუქი ავტომობილის მართვის სახელმძღვანელო ახალბედა მძღოლებისათვის.







     სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალბედა მძღოლების დასახმარებლად. იგი დაწერილია ლიტერატურულ ენაზე და გამოყენებულია ტექნიკური ტერმინები. ქვემოთ მოყვანილია მძღოლებში გავრცელებული ტერმინების ტექნიკური შესატყვისები.

  1.    აკუმულატორთა ბატარეა – აკუმლატორი
  2.    აქსელერატორი – გაზი
  3.    ბერკეტი – რიჩაგი
  4.    გადაბმულობა – ცეპლენია, კონუსი
  5.    გადაცემათა კოლოფი – კარობკა
  6.    გადაცემის შეცვლა, გადაცემის გადართვა – სიჩქარეში ჩაგდება
  7.    მოხვევის მაჩვენებელი(ციმციმა) – პავაროტნიკი
  8.    მუხრუჭი – ტორმუზი
  9.    ნეიტრალური გადაცემა – ხალასტოი
10.    სალტე – პაკრეშკა
11.    სადგომი მუხრუჭი – რუჩნოი
12.    სავარძელი – სიდენია
13.    სამუხრუჭე დოლი – ტარმაზნოი ბარაბანი
14.    სამუხრუჭე სითხე – ჟიტკოსტი
15.    სამუხრუჭე ხუნდი – კალოტკა
16.    სატერფული – პედალი
17.    საქარე მინის მწმენდები – დორნიკები
18.    საჭე – რული
19.    უსაფრთხოების ღვედი – რემენი
20.    ხელსაწყოების ფარი – პრიბორები
21.    ცეცი – შუპი
22.    ძრავი – მატორი
23.    ძრავის კარტერის ხუფი – პადონი


შესავალი.

      ორი ძირითადი ტიპის მძღოლები არსებობენ: პირველნი მშიდად ატარებენ ავტომობილს, ზედმეტი აჩქარების გარეშე, მეორენი კი სწრაფად მოძრაობენ, მკვეთრად ძრავენ და აჩერებენ ავტომობილს. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ერთსა და იმავე მანძილს მეორე სტილით მოძრავი მძღოლები 3–5 %–ით უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე პირველი სტილით მოძრავი მძღოლები. სამაგიეროდ ისინი უფრო დაძაბულები არიან, ეხარჯებათ მეტი საწვავი, მათი ავტომობილის ნაწილები უფრო მეტად ცვდება და მაღალია რისკის ფაქტორიც.
     არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ავტომობილის სწრაფი ტარება მძღოლის ოსტატობის ნიშანია. გამოცდილი მძღოლების მართვის სტილს თუ გავაანალიზებთ, საწინააღმდეგო შედეგებს მივიღებთ. გამოცდილი მძღოლი მდორედ ზრდის და ამცირებს სიჩქარეს, მკვეთრად არ ამუხრუჭებს, მას იშვიათად ჭირდება გადაცემების გადართვა.მოძრაობის ასეთი სტილი ნაკლებად ღლის მძღოლს და მგზავრებს, მცირდება საწვავის ხარჯი და ავტომობილის ცვეთა. ასეთი სტილით მოძრავი მძღოლი არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა მძღოლებისათვის, მისი მოქმედება პროგნოზირებადია და გასაგები. მდორე მოძრაობა, მკვეთრი აჩქარების და  მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე მძღოლის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
     ავტომობილის მართვის დროს ახალბედა მძღოლს ხშირად ეუფლება უარყოფითი ემოციები:  განგაში, თავდაუჯერებლობა, ავარიის მოხდენის და მისი ფატალურად დამთავრების შიში. უარყოფითი ემოცია ღლის ახალბედა მძღოლს, ძაბავს და ხელ–ფეხს უბორკავს მას.
     მძღოლი გამოცდილებას და ოსტატობას დროთა განმავლობაში იძენს, მაგრამ ზოგიერთი თვისება მასში თავიდანვე უნდა არსებობდეს. ასეთ თვისებებს მიეკუთვნება პასუხისმგებლობის გრძნობა სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე, ყურადღების კონცენტრაცია საქმიანობის დროს, მიღებული ინფორმაციის სწორად და სწრაფად შეფასების უნარი და სხვა. მძღოლის ერთ–ერთ აუცილებელ პროფესიულ თვისებას წარმოადგენს საგზაო სიტუაციის პროგნოზირების უნარი. მან უნდა იწინასწარმეტყველოს რამდენიმე ადამიანის(არა მარტო ადამიანის) მოქმედება (ქვეითების, სხვა მძღოლების, ცხოველების და ა.შ.)
     ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მძღოლი იღებს მხედველობის საშუალებით. გზის სწორად დათვალიერება მნიშვნელოვნად  მოქმედებს მოძრაობის უსაფრთხოებაზე. მძღოლს მხედველობა არ უნდა გადაეღალოს. მან უნდა მოასწროს ყველაფრის დანახვა წინ, უკან და გვერდით, რაც საკმაოდ ძნელია. მას უნდა შეეძლოს საგნების სწრაფად და სწორად აღქმა სივრცეში და დროში; ზუსტად უნდა შეძლოს მანძილის განსაზღვრა საგნებს შორის, აგრეთვე საკუთარ ტრანსპორტსა და სხვა საგნებს შორის; უნდა შეეძლოს ყურადღების თავისუფლად გადატანა ერთი ობიექტიდან მეორეზე; მან შორიდანვე უნდა შეამჩნიოს მოძრავი და უძრავი სატრანსპორტო საშუალებები, ქვეითები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა, გზის საფარის მდგომარეობა და ა.შ.
     გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა ავტომობილის მართვა გართულებულია აგრეთვე გარედან მოქმედი არახელსაყრელი ფაქტორებით, როგორიცაა: სიცივე, სიცხე, ხმაური, ვიბრაცია, წვიმა, თოვა, ნისლი, გზის ცუდი საფარი და სხვა. ჩამოთვლილი ფაქტორების გამო ავტომობილის მართვა მიეკუთვნება ერთ–ერთ ურთულეს საქმიანობას.
     დამწყები მძღოლი ვერ ასწრებს იმ ინფორმაციის გადამუშავებას, რომლის აღქმაც აუცილებელია უსაფრთხო მოძრაობისათვის, თუნდაც მინიმალური ინტენსივობის გზაზე. მძღოლმა მრავალი მოქმედება უნდა შეასრულოს მკაცრი თანმიმდევრობით და ზუსტი დოზირებით. თითოეული ეს მოქმედება საკმაოდ რთულია და მოითხოვს მყარი ჩვევების გამომუშავებას. მძღოლობის შესწავლა საკმაოდ რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. სწავლა გაცილებით იოლდება, თუ იგი იწყება საავტომობილო ტრენაჟორზე, შემდეგ კი გრძელდება სასწავლო ავტომობილზე.
     მძღოლობის გარკვეული დონის მისაღწევად თქვენ უნდა გაიაროთ სწავლების სამი ეტაპი, რომელთა თანმიმდევრობით გავლა აუცილებელია.
     პირველ ეტაპზე  თქვენ უნდა დახვეწოთ ტექნიკური ოსტატობა: უშეცდომოდ უნდა მოქმედებდეთ სატერფულებზე. დროულად უნდა გადართოთ გადაცემები,  დაამუხრუჭოთ და ატაროთ ავტომობილი სასურველი მიმართულებით. ამ მოქმედებების სწრაფ ათვისებაში  საუკეთესო შედეგებს იძლევა საავტომობილო ტრენაჟორზე ვარჯიში. ვარჯიში უნდა დაიწყოთ მარტივი, თანმიმდევრული მოქმედებებით და თანდათან გაართულოთ. გართულებაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეძლოთ რამდენიმე ოპერაციის ერთდროულად შესრულება. თანდათან უნდა გაზარდოთ ოპერაციების შესრულების სისწრაფეც.
     საავტომობილო ტრენაჟორის ათვისების შემდეგ სწავლება უნდა წარიმართოს სასწავლო ავტომობილზე. ჯერ კარგად უნდა გაეცნოთ ავტომობილის მართვის ორგანოებს; უნდა შეძლოთ ავტომობილში სწორად ჯდომა; მართვის ორგანოებზე ხელების და ტერფების სწორად განლაგება; ავტომობილის დაძვრა ბიძგების გარეშე; სწორხაზობრივი მოძრაობა; მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევა, მობრუნება და მოძრაობის შეწყვეტა მუხრუჭის გამოყენებით.
     მეორე ეტაპზე  უნდა დაეუფლოთ საჭის მდორე ბრუნვას ზედმეტი მოძრაობების გარეშე. ამ ეტაპზე უნდა დახვეწოთ მუხრუჭის გამოყენება და შეძლოთ ავტომობილის მდორე გაჩერება სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობისას, აგრეთვე ავტომობილის დაძვრა აღმართზე სადგომი მუხრუჭის გამოყენებით.
     მძღოლი, რომელიც დროულად რეაგირებს ყოველგვარ სიტუაციაში, ნაკლებად იღლება ავტომობილის მართვისას და ნაკლებად საშიშია მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის. ასეთი მძღოლი სწრაფად ერკვევა რთულ საგზაო პირობებში და ადვილად იცილებს თავიდან ავარიულ სიტუაციებს.
     მეორე ეტაპის ერთ–ერთი რთული ამოცანაა გადაცემების დროული გადართვა ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის მიხედვით. ამ ეტაპზე უნდა შეძლოთ ძრავის ხმის და სპიდომეტრის (ზოგიერთ ავტომობილზე ტახომეტრის) ჩვენების მიხედვით დროულად ჩართოთ შესაბამისი გადაცემა.
     პირველი ორი ეტაპის შემდეგ ტექნიკურად სწორად და შეუფერხებლად უნდა ახერხებდეს სატერფულებით და ბერკეტებით მანიპულირებას და ავტომობილის სასურველი მიმართულებით წაყვანას.
     მესამე ეტაპზე  უნდა შეძლოთ სხვა ავტომობილებთან მიმართებაში მოძრაობა, მათი გადაადგილების პროგნოზირება, თავიდან უნდა აიცილოთ ავარიული სიტუაციები, სწორად უნდა შეარჩიოთ მოძრაობის ზოლი ნაკადში მოძრაობისას და უსაფრთხოდ გაიაროთ სახიფათო უბნები. მესამე ეტაპის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა საგზაო სიტუაციების პროგნოზირების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება და ემოციური მდგომარეობის გამოწრთობა.
     სამივე ეტაპის გავლის შემდეგ თავისუფლად უნდა მართავდეთ ავტომობილს როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად. უნდა შეგეძლოთ: აღმართზე დაძვრა, შეზღუდულ სივრცეში მანევრირება, გადატვირთული გზაჯვარედინების სწორად გავლა, სატრანსპორტო საშუალებების გასწრება და გვერდის ავლა, ღამით მოძრაობა.
     მას შემდეგ, რაც კარგად აითვისებთ ავტომობილის მართვას, საჭიროა ყოველდღიური მეცადინეობა, რათა თქვენს მიერ შესრულებული მოქმედებები ჩვევაში გადაიზარდოს. დამწყებ მძღოლებს, რომლებიც სისტემატურად არ მართავენ ავტომობილს, სწრაფად ავიწყდებათ შეძენილი უნარ ჩვევები.
     ახალბედა მძღოლს თანდათან ემატება სითამამე და თავდაჯერება. იგი დარწმუნებულია, რომ თავს დააღწევს ყველა საშიშ სიტუაციას, რაც არასწორი შეხედულებაა. გამოუცდელი მძღოლები საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებს ახდენენ ზედმეტი თავდაჯერების, თავქარიანობის, მოვალეობის შეუსრულებლობის,  უყურადღებობის, წინდაუხედაობის, მოძრაობის წესების უცოდინრობის და მათი შეუსრულებლობის, საკუთარი ავტომობილის შესაძლებლობების უცოდინრობის გამო.
     მძღოლების უმეტესობა თვლის, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება  ზოგჯერ შეუძლებელია. თუ გავარჩევთ კერძო შემთხვევებს, თითქმის ყოველთვის შეიძლება აღმოვაჩინოთ მძღოლის შეცდომა ან წინდაუხედაობა. გამოცდილი და პატიოსანი მძღოლი საკუთარ შეცდომას სხვას არასოდეს აბრალებს და ხშირად სხვა მძღოლების მიერ დაშვებულ შეცდომასაც ასწორებს.




Copyright MyCorp © 2016